ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს. ამის მიზეზად Reuters-ის ცნობით, კორუფცია სახელდება. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან, უნგრეთის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ასეთი ნაბიჯი იქნება.
ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, საუბარია უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხების 70%-მდე შემცირებაზე, თუმცა კონკრეტულ თანხას წყაროები არ ასახელებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ გაყინავს დაფინანსებას იმ წევრებისთვის, რომლებიც დემოკრატიას აზიანებენ. ამ კონტექსტში მან კორუფცია გამოყო.
„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიებისთვის... მე მსურს ყურადღება გავამახვილო კორუფციაზე", - განაცხადა ლაიენმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე.
ბრიუსელი დიდი ხანია, უნგრეთის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.