კურტ ვოლკერი: რუსეთი მარცხდება, ამას სხვა ქვეყნებიც შეამჩნევენ და მათ მიდგომებშიც მეტ სიცხადეს ვნახავთ

ექსკლუზივი

ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ შეკითხვას NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი ასე პასუხობს:


„მე ვიტყოდი, ეს არის ფაშისტური და იმპერიალისტური იდეოლოგია - რუსეთი პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ჰქონდეს უფლება, დაიკავოს სხვა ქვეყნების ტერიტორიები, რაც ეწინააღმდეგება იმ ქვეყნების ფასეულობებს, რომლებიც პატივს სცემენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს. 

არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ).

თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს. ვფიქრობ, სხვებიც დაინახავან ამას და მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში,“ - აღნიშნავს ვოკლერი. 


მისი შეფასებით, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა, რადგან თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. „ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ.


ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ,“ - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა.


ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:

  • თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. 
  • იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს.

აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას:

მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.