აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების ანალოგიური შეზღუდვების შემოღებას განიხილავენ. 

„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს უფრო მიზანმიმართული მეთოდები", - განაცხადა პრაისმა. 

„ჩვენ გვესმის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ ისინი გულწრფელად და ღრმად შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება ხელს შეუშლის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა სურთ და რა შეიძლება, გააკეთონ რუსეთში“, - თქვა პრაისმა.

მან ასევე დასძინა, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს „მსგავს ზომებს“, აცხადებს პრაისი. 

ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.