საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა“ და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში. შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული.
გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.