2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება.
ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტებს წარმოადგენენ. 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება”, -აღნიშნულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანელმა დიპლომატმა, კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ელჩს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის საგარეო პრიორიტეტები გააცნო, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან ერთად სამომავლოდ იმუშავებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს წლების განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, ყველა საერთაშორისო ფორუმზე.
მისივე განცხადებით, პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ცნობით, 2024 წელს ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი სრულდება და საქართველოს ლეგიტიმური უფლება ენიჭება ევროკავშირიში წევრობის შესახებ, განაცხადი გააკეთოს.
2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილება მიენიჭება