რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას ესმის, სი ძინპინს აქვს კითხვები და შეშფოთება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ შეაქო ჩინეთის ლიდერი, მისი თქმით, კონფლიქტთან დაკავშირებით „დაბალანსებული პოზიციისთვის“.
ომის დაწყების შემდეგ, პირველ პირისპირ შეხვედრაზე, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია „ძველ მეგობართან“ შეხვედრით.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით; გვესმის თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ კუთხით და დღევანდელი შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, დეტალურად განვმარტავ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ადრეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა თავის მხრივ, პუტინმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე.
ჩინეთმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობისგან თავი შეიკავა და მას არც შეჭრას უწოდებს. თუმცა პეკინი შეშფოთებულია გლობალურ ეკონომიკაზე გავლენით და არ უწევს მატერიალური მხარდაჭერას რუსეთს, რამაც შეიძლება, ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გამოიწვიოს.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს.
„მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად, ვიყოთ მაგალითი და ვითამაშოთ წამყვანი როლი, რომ ასეთი სწრაფად ცვალებადი მსოფლიო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიით წავიყვანოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა.