ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა. 

„დღემდე სომხეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ცნობით, ესკალაციის ზონაში ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია.

„წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“,  - განაცხადა პაპიკიანმა. 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.