2020 წლის ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა, მათ შორის სატრანსპორტო სექტორში.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამარყანდში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ SCO-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 22-ე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რეგიონული საკომუნიკაციო პროექტების დაწყებაში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ-სამხრეთი.
ალიევმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტი თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანს აქვს კასპიის აუზში ყველაზე დიდი სამოქალაქო ტვირთის ფლოტი, რომელიც 52 ხომალდს ითვლის.
ბაქოს საზღვაო პორტს აქვს გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონა წელიწადში, შემდგომი ზრდის პერსპექტივით 25 მილიონ ტონამდე, თქვა ალიევმა.
„ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას შეუძლია ყველა ტიპის გემის წარმოება. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 19000 კმ გზა და 1400 კმ რკინიგზა აშენდა ან კაპიტალურად შეკეთდა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ალიევი დარწმუნებულია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რაც სასარგებლოა ამ მარშრუტზე მდებარე ყველა სახელმწიფოსთვის.
სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.