უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ იზიუმში, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საფლავებთან ერთად, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს.
ლუბინეცმა იზუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თავად ნახა უკრაინელი ჯარისკაცების ოცამდე ცხედარი, რომლებიც ზურგზე მიბმული ხელებით აღმოაჩინეს. ლუბინეცის თქმით, დახვრეტამდე ისინი აწამეს.
ლუბინეცის სიტყვების დამადასტურებელი ფოტოები, ვიდეო ან სხვა მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მან, შუადღისას ისაუბრა იზიუმში ჩასულ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფთან. მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ყველაფრის გადამოწმებას ისინი თავად შეძლებდნენ.
15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.