აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლახან, დეოკუპირებულ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის დამადასტურებელია.
ბლინკენმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნდა შეიქმნას მტკიცებულებების ბაზა და მომხდარი სიმხეცეები დოკუმენტებში უნდა აისახოს“. მისი თქმით, „ხშირ შემთხვევაში ჩადენილი სისასტიკე ომის დანაშაულად ჩაითვლება."
ამასთან ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რადგან ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს და ვაშინგტონი უკვე დგამს შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს.
15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.