ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი, მულტიბიზნესის კონგლომერატის Adani Group-ის მფლობელი და ხელმძღვანელი, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა და „ამაზონის“ დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Bloomberg.
2022 წლის დასაწყისში გაუტამ ადანი მილიარდერთა გლობალურ რეიტინგში მხოლოდ მე-14 ადგილზე იყო. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ფლაგმანი კომპანია, Adan Enterprises-ის შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ინდოეთის ეროვნული საფონდო ბირჟის (NSE) ბაზრის დახურვისას Adan Enterprises-ის აქციების ფასი ერთ აქციაზე 3702,2 ინდურ რუპიას შეადგენდა (+116,6% წლის დასაწყისიდან).
ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $145,8 მილიარდამდე დაეცა, (ნიუ-იორკში ძირითადი ვაჭრობის გახსნის შემდეგ აშშ-ს საფონდო ბირჟის ზოგადი ვარდნის ფონზე), იტყობინება Bloomberg. ხოლო ადანის ქონება ამავდროულად $146,9 მილიარდად იყო შეფასებული, რამაც იგი პლანეტის მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცია. ის მხოლოდ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიც $260 მილიარდია.