ესპანეთმა უკრაინას, ხუთი სატრანსპორტო თვითმფრინავით დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის მოთხოვნის საპასუხოდ, ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო აღჭურვილობა და ზამთრის აღჭურვილობით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ესპანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ გარდა იარაღისა, „გადაუდებელი მოთხოვნით“ ტვირთი ზამთრისთვისაც მომზადდა. ესპანეთმა უკრაინას - 30 000 სამხედრო ფორმა, 15 600 პიჯაკი, 15 000 კოსტიუმი და რამდენიმე ათასი ცალი დამატებითი ტანსაცმელი გაუგზავნა.