ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ერევანში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ნენსი პელოსის თქმით, არჩევანი ისევ დემოკრატიის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. 

„თაობების განმავლობაში ჩვენ ვიცავდით და ვინარჩუნებდით მათ არჩევანს. შეერთებული შტატებიდან უკრაინამდე, ტაივანამდე, სომხეთამდე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისევ დემოკრატია“, - აღნიშნავს ნენსი პელოსი. 

კონტექსტი

პელოსის ვიზიტის წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყებოდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება.

სომხური მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი.

ცნობისათვის, მსგავსი განცხადება გააკეთა ნენსი პელოსიმ ტაივანში ვიზიტისას.

გაეცანით Europetime-ის სტატიას