პოლ გობლი: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება

  • ერევანში პელოსის ჩასვლის დღეს, ბლინკენი აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა, რასაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს
  • უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს
  • საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი

Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ერევანში, ასევე - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს და სხვა აქტუალურ საკითხებს. 

  • პოლ გობლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს

ET: მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ერევანში, ამ თემით დავიწყებთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ნენსი პელოსის ჩასვლა სომხეთში ასეთ დროს და რა შეგიძლიათ თქვათ მის გზავნილებთან დაკავშირებით?

სომხებს ბევრი ამერიკელი თანაუგრძნობს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის ტრაგედიების შემდეგ. ნენსი პელოსის ვიზიტი და მისი განცხადებები ერევანში, სწორედ ამ რეალობას ასახავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერევანში მისი ჩასვლის დღეს, აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანულ მხარეს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრეს.

ET: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შემდეგ, მოვისმინეთ მოსაზრებები მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირებისგან, რომ მოსკოვი შესაძლოა, შეეცადოს კონლიფქტის გაღვივებას. ამავე დროს, მას მოუწოდეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა რეგიონში, რათა მხარეებს დახმარებოდა მშვიდობიან გადაწყვეტაში. თქვენ როგორ ხედავთ რუსეთის როლს?

მოსკოვის როლი უფრო მარგინალურია. მას არ აქვს არცერთი მხარის ნდობა და არც საკმარისი ჯარი, რომ პრობლემა ამ გზით გადაჭრას. ამან სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, მეტი ბიძგი მისცა.

ET: რაც შეეხება მიმდინარე ომს, უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება?

უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. მის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება.

ET: ომი გადამწყვეტ ფაზაშია - აცხადებენ უკრაინის პარტნიორები, რა გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო, თუნდაც დასავლეთიდან და რა იქნება ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი?

დასავლეთს სურს უკრაინის გამარჯვება, მაგრამ არ სურს გააკეთოს ისეთი რამ, რაც პუტინს მიიყვანს დასკვნამდე, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დანებდეს ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი, ერთგვარი შებოჭილობა არსებობს დასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ET: რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ახლო სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზეც?

საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი. ჩემ მიერ ხსენებული პირველი საკითხის გადაწყვეტა მას თვითონ მოუწევს, მაგრამ ხელსაყრელი იქნება, თუ დასავლური ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ეს უნდა იყოს თბილისის პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.