"ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორი იყო, თუმცა ამით სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა:, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Twitter-ის ხელმძღვანელი ჯეკ დორსი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას.
მისი განცხადებით, ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სოციალურმა ქსელმა ექსტრაორდინარულ ვითარებაში მიიღო, როდესაც საკითხი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხებოდა.
„ყველასათვის ნათელია, რა საფრთხეს შეიცავს ინტერნეტში გაკეთებული გამონათქვამები რეალურ ცხოვრებაში. ამასთანავე, მსგავსი ქმედებები ორად ყოფს საზოგადოებას და ქმნის სახიფათო პრეცედენტს.
ყველანი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა გავლენა აქვს ცალკეულ ადამიანებს და კორპორაციებს გლობალურ საზოგადოებრივ დისკუსიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული სხვა სოცქსელებთან, რომლებმაც ასევე დაბლოკეს ტრამპის ანგარიშები“, - აცხადებს ჯეკ დორსი.
შეგახსენებთ, Twitter-მა დონალდ ტრამპს პირადი გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა.