ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ოპოზიციური პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას.
ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-სთან ინტერვიუში განცხადა და დასძინა, რომ, პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ..
„იცით ახლა რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში? რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია. თუმცა პოლიტიკოსები ცდილობენ, ისევ 90-იანი წლების მოდელები გაიმეორონ. საზოგადოება მართლა სერიოზულად იზრდება. ამიტომაც არ მგონია, ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ჩათვალოს, თუ ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მხარს დაუჭერს უკვე არსებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ის ოპოზიციური ძალა უცბად იქცევა გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ”, - აღნიშნავს ფილოსოფოსი.
მისი თქმით, ღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას და იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს.
„ ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა.
ვერ გეტყვით მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ფარული იქნება თუ ღია. სავარაუდოდ, თვითონ არ მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა სადავეები ხელში ეჭირება. ვისურვებდი რომ მას საბოლოოდ გაეწყვიტა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია და დამსახურებები არ აქვს. უბრალოდ ამ განცხადებაში ესეც ვიგრძენი. უწევს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, რომლისთვისაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის გავლენა პოლიტიკაზე; აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია იქნება, თუ ფარული დაშვებული არ არის. ფარული შეიძლება უარესი იყოს. ღია მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სერიოზულად ვერ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოების თვალში.”, - განუცხადა Europetime-ს ინტერვიუში ზაზა ფირალიშვილმა.
11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. მოგვიანებით პირველ არხთან ინტერვიუში განმარტა თუ რით განსხვავდება პოლიტიკიდან მისი პირველი წასვლა ამჟამინდელი წასვლისგან.
"2013 წელს ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემდი "ქართულ ოცნების" გუნდს და დავეხმარებოდი კიდეც. მაშინ გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“. ახლა ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. აღარ იქნება არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“ ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია რომ მას სჯერა, გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, პირველივე თვეს დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ თვითონვე შექმნიდა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ოპოზიციას.
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ოცნებაა, „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული ადგილი დაიკავოს ოპოზიციაში
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს