კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

17 სექტემბერს კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ გელა ნიორაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნიორაძეს უკანონოდ ჰქონდა იარაღი, მაგრამ იარაღის შეძენა- შენახვა ცალკე დანაშაულია. ადვოკატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, უნდოდა თუ არა ნიორაძეს განზრახ მკვლელობის ჩადენა.

შეგახსენებთ, გელა გელა ნიორაძეს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.