მე-9 მოწვევის პარლამენტი ხვალ ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს, რითაც მუშაობას დაასრულებს

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.