გიგლა ბარამიძე: არანაირ შემოთავაზებებზე საუბარი  არ არის. უბრალოდ გადავწყვიტე  პარტიული ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდეს

" არანაირ შემოთავაზებებზე საუბარი არ არის. უბრალოდ მე, გიგლა ბარამიძემ გადავწყვიტე, პარტიული ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდეს", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

გიგლა ბარამიძე პარტიის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, დაასრულა პარტიული მოღვაწეობა, მაგრამ პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა არ დაუდასტურებია.

"ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე ჩავთვალე საჭიროდ, ჩემი მოღვაწეობის ეს ეტაპი დასრულებული ყოფილიყო. ამის შესახებ გუშინ და წინა დღეებში მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან პოლიტსაბჭოში და პარტიის თავმჯდომარესთან. ისინი დანანებით, მაგრამ გაგებით შეხვდნენ ჩემ გადაწყვეტილებას. მე მათ და ჩემ თავსაც ვუსურვებ წარმატებას, როდესაც შემდგომი საქმიანობის გაგრძელებაში ჩამოვყალიბდები.

არ უნდა ვეძებოთ გარკვეული მიზეზები და დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ეგზისტებნციალური მიზეზები ყოველთვის არსებობს, პოლიტიკაშიც, მეცნიერებაში, დიპლომატიაშიც, სახელმწიფო სამსახურში, ქუჩაში, სახლშიც და უბანშიც, მაგრამ ამავე დროს არსებობს ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის პირადი აზრი და განწყობა. მე ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი ამ კუთხით მოღვაწეობის ეტაპი უნდა დასრულდეს.

შეიძლება იყოს ახალი გამოწვევები, მაგრამ ეს ჯერ არ არის დაკონკრეტებული. არანაირ შემოთავაზებებზე საუბარი არ არის. უბრალოდ მე, გიგლა ბარამიძემ გადავწყვიტე, პარტიული ცხოვრების ეს ეტაპი დასულდეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როცა დრო მოვა ამაზეც ვისაუბრებ. თუმცა, ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის ჩამოყალიბებული.

პარტიის დატოვების წინაპირობებზე და სხვა საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ არის აუცილებელი, რამე განსაკუთრებული მიზეზი იყოს.

საქართველოში მყოფი ადამიანის პოლიტიკიდან თუ სხვა მიმართულებიდან წასვლას , თუ კი ის რაღაცნაირად აქტიურია, პირდაპირ თუ ირიბად, ჯვარი არ უნდა დაესვას"- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა.