საქსტატმა გამოაქვეყნა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213,3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს მაჩვენებელი ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3 % გაუტოლდა.
საქსტატისა და პრემიერ-მინისტრის პოზიტიური მონაცემების ფონზე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ მწვავე საკითხებია. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს.
- რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ კეთილდღეობას საშუალო ხელფასისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფონზე?
Europetim-თან ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ.
„ეს არ ზომავს ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს. ამ მონაცემით, დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობის საშუალო დონეს შევაფასებთ. თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა ან შეუმცირდა“, -ამბობს პაპავა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე.
როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე 2012-2021 წლები (საქსტატი)
უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%.
აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%.
„საშუალო ხელფასის მოსახლეობის კეთილდღეობაზე განზოგადება რომ შევძლოთ რამდენიმე საკთხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს პაპავა.
- პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს.
ეკონომისტის პროგნოზით, თუ ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება 7-10 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ უკვე რთული იქნება იპოვო ადამიანების ის ჯგუფი, რომელსაც ეს ზრდა არ შეეხო.
პაპავას თქმით, ქვეყანაში დღეს კეთილდღეობის დონეს მხოლოდ ადამიანების გარკვეული ჯგუფები აღწევენ.
„როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის ზრდის მოკლევადიან ეფექტზე, როცა ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა, ამ დროს ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. კეთილდღეობის განცდა იმიტომ არ გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, მაგრამ მოკლევადიანია, რომელიც ყველა ჯგუფსა და სექტორზე არაა განზოგადებული. შესაბამისად არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და არც ტურისტი უნახავთ, რომელმაც ბევრი ფული დახარჯა ან დამოკიდებული არიან სახელმწიფო შემწეობაზე, რომელიც ვერ გაიზრდებოდა იმ დონეზე, გაუჩინოს განცდა, რომ მაღალი სასურსათო ინფლაციის პირობებში მისი კეთილდღეობა გაიზარდა“- ამბობს პაპავა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე, სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება.
ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.