თეა წულუკიანის თქმით, დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში

​საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში. ამის შესახებ 1tv.ge წერს. 

„დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.