ჯო ბაიდენი: ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასა და კრემლის გეგმებზე ისაუბრა. 

„ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“, - განაცახდა ბაიდენმა. 

ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ „უგუნური უპატივცემულობა“ გამოიჩინა.

„ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის“,- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. „თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება. ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბაიდენმა.