ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, 22 სექტემბრიდან ოფიციალურად შეაჩერა. ამის შესახებ ნორვეგიის იმიგრაციის დირექტორატის (UDI) შეტყობინებაშია ნათქვამი.
„ნორვეგიასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება ნიშნავს, რომ დოკუმენტების, მრავალჯერადი ვიზების, მოსაკრებლების და დამუშავების დროის რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამარტივებული წესები არ იმოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ყველა განმცხადებლისთვის ვიზის საფასური 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. სავიზო განცხადების განხილვის ვადა 10-დან 15 დღემდე, ცალკეულ შემთხვევებში კი, 45 დღემდე გაიზარდა.
ცნობისათვის, 2007 წელს გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. შეთანხმების შედეგად, რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობამ ნორვეგიაში მრავალჯერადი ვიზები მიიღო, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია.
ნორვეგიასა და რუსეთს 198 კილომეტრიანი საერთო სახმელეთო საზღვარი აქვთ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.