ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს

ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივ ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს, როცა რუსების დიდი ნაწილი ქვეყნის დატოვებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ცდილობს.

პარლამენტის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა 22 სექტემბერს ასტანაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოს სამართალდამცავი და მიგრაციის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები კანონის შესაბამისად, ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის რუსების თხოვნებს ამუშავებენ.

„ჩვენი ოფიციალური ინსტიტუტები არ გასცემენ ბინადრობის ნებართვას პირებზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ ქვეყნებს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ ყაზახეთში მათ  გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აშიმბაევმა.

„ზოგადად, სახელმწიფო უწყებები აცნობიერებენ ვითარებას [რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით]. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი.

ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რომ ყაზახეთში მუდმივი საცხოვრებლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 2022 წლის პირველ ოთხ თვეში გაიზარდა, მაგრამ ეს ტენდენცია უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას არ დაუკავშირეს.

საინფორმაციო სააგენტო RBK გასულ თვეში იტყობინება, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ყაზახეთში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადავიდნენ, 570,000-ს შეადგენდა, რაც თითქმის 30 პროცენტით მეტია იანვარ-მარტში ყაზახეთში დასახლებული რუსების რაოდენობაზე.