ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა დაუდასტურა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა.

„შეხვედრა გავმართე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველ და საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები.

თავის მხრივ, ჩემმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული, უთანხმოების გადაწყვეტის საშუალებად“, - წერს დმიტრო კულება twitter-ზე.


თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.

ვან იმ კულებას ასევე განუცხადა, რომ მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე და მას არც შეჭრას უწოდებს.

ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.