ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში წევრის სტატუსი უნდა შეუჩერდეს.
„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელსაც გმობს გენერალური ასამბლეა, ამ ქვეყანას უშიშროების საბჭოს წევრობა ავტომატურად უნდა შეუჩერდეს“, - განაცხადა მიშელმა.
„გამონაკლისი უნდა იყოს ვეტოს უფლების გამოყენება, მაგრამ ეს, როგორც ვხედავთ, წესად იქცა. რეფორმა აუცილებელია და გადაუდებელი", - ხაზგასმით აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, რეზოლუციებზე ვეტოს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და რუსეთს.
უშიშროების საბჭო გაერო-ს ყველაზე გავლენიანი ორგანოა, რადგან მისი რეზოლუციები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭოს ეკისრება „პირველადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა, რომ რუსეთს ვეტოს ჩამოერთვას, ვიდრე ის ომს აწარმოებს.