მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ქვეყნის პროდასავლური მთავრობის გადაყენება მოითხოვა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი ბუნებრივი აირის ფასები და ინფლაციაა.
მაია სანდუმ არაერთხელ დაგმო მოსკოვის ქმედებები უკრაინაში, ის ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას ცდილობს.
პარასკევს, მოლდოვურმა რეგულატორმა შინამეურნეობებისთვის ფასები 27% -ით გაზარდა.
პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების დახმარებაზე.
„ქვეყანისა და ხალხის პრობლემები ქუჩაში არ მოგვარდება. ჩვენ ვცდილობთ, მოვაგვაროთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების პრობლემები“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერი.
Reuters-ი წერს, რომ საპროტესტო აქციები ბიზნესმენ, ილან შორის (2015-2019 წლებში, ქალაქ ორჰეის მერი) ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა.
პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა.
2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.
რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.
2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.