ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, მით უმეტეს, რომ სესიაზე ერთ-ერთ მომხსენებლად გვყავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, რომელსაც ამ საქმეზე კონკრეტული ბრალდებულებიც ჰყავს, ომის საქმეზე ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ასევე, უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის და ომის შედეგად მომხდარი დანაშაულების გამოძიება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ამ სესიის მიმდინარეობისას.
წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებით მიანიჭა მნიშვნელობა და ყველას შეგვახსენა ომის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების საჭიროება. ამ მხრივ, მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, ევროჯასთს. მთელი მსოფლიო ელოდება გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.