იაპონიამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დააწესა. ამასთან, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო, შეშფოთებულები არიან.
„იაპონია ღრმად არის შეშფოთებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით”, - განაცხადა მაცუნომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე და დამატა, რომ იაპონია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას გააგრძელებს.