საქართველოს საზღვარზე რუსული საგუშაგო „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით, იტყობინება TASS.
რამდენი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში, თომაევმა არ დააკონკრეტა.
„ქვეყანაში ჩვენი რესპუბლიკის გავლით განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით, სამგზავრო ავტოტრანსპორტის ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს „ზემო ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტთან დგას 3,5 ათასამდე მანქანაა, რომლებშიც ძირითადად იმ ასაკის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყანეთის რესპუბლიკასა და ინგუშეთის რესპუბლიკასთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა დაგროვილი. რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4 891-ია, მათ შორის 1 391 მძიმე და 3,5 ათასი მსუბუქი სატვირთო მანქანა“, - განაცხადა ტომაევმა.
როგორც ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აზუსტებენ, „საბაჟო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“.
მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობა დაადასტურა, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმა უარყო.