ფინანსთა მინისტრი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის

„საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით ხორციელდება.

"თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა. გაზრდილია არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ გაზრდილია ქვეყნიდან გაზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილება ისაა, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.


დღეს უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვებაზე უარს ეუბნებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსააც შესაძლოა, მობილიზაცია შეეხოთ. 

გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.