ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს.
ekhokavkaza სერგეი მენიაილოს კომენტარს, კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მენიაილომ Solovyov Live-ის ეთერში განაცხადა, ასევე გაიხსნება დროებითი განსახლების ცენტრები მოქალაქეებისთვის.
„ახლა ვითარება ფასდება და, დიდი ალბათობით, გადავწყვეტ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას [გამშვებ პუნქტზე], იქ დროებითი განსახლების ცენტრი უნდა განვათავსო, რადგან იქ ქალები და ბავშვები არიან”, - თქვა მენიაილომ.
ამასთან, რუსული მედია, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განთავსების შეახებ იუწყება.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.