ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი. მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვა, პირველ რიგში რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესს დააზიანებს.

 „რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს,“- განაცახადა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, „ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება და ვითარება კონტროლქვეშაა".

„სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული.

ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.