ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს.
გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები, ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი).
ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს.
- „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან.
Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.
დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.
მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.