გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი.
იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა.
მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა.
69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.