პიტერ სტანო: ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა და დამკვირვებელთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. 

„ამ რეფერენდუმების ნებისმიერი მხარდაჭერა უკანონოდ ითვლება... მაგრამ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მოხვდებიან თუ არა კონკრეტული პირები სანქციების რეჟიმის ქვეშ. თითოეულ შემთხვევაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება. შედეგები ყველა იმ ადამიანისთვის მოჰყვება, ვინც უკანონო, არალეგიტიმურ რეფერენდუმში მონაწილეობდა“, - განაცხადა სტანომ. 

21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ.

„უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.