მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აფასებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან სასოწარკვეთაზეც მიუთითებდეს. მეთიუ ბრაიზა პუტინის მხრიდან მარცხის „აღიარებაზე“ მიუთითებს.

ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ამტკიცებს, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს.

„სასაცილოა პუტინის მხრიდან იმის მტკიცება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს ასე ნამდვილად არ არის. პუტინს ამის (ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, რედ.) გაკეთება ნამდვილად არ სურდა. ვნახეთ, რუსეთის არმია იმაზე გაცილებით ნაკლებ უნარიანია აღმოჩნდა, ვიდრე ეს ზოგადად, მანამდე ვინმეს სჯეროდა. 

ეს ხდება უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რომელიც იმის დემონსტრირებაა კიევის მეგობრებისთვის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას.

კიდევ უფრო დიდი რაოდენობით Himars-ს, (ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რედ.) სარაკეტო სისტემას, რომელსაც რუსული ძალების წინააღმდეგ დამანგრეველი ეფექტი აქვს. 

ნახეთ, ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.


ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. 

ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.


უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.