კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

COVID19-ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს.

9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.