საქართველოში ბოლო სამი წელია, თხილის წარმოება იზრდება. საექსპორტო ათეულში თხილი მე-9 ადგილზეა. ამ დადებითი ტრენდის მიუხედავად, ფერმერები ამბობენ, რომ თხილის ფასი დაბალია და მსოფლიო ბაზრის უმსხვილეს მოთამაშე თურქეთს, ფასითა და ხარისხით კონკურენციას ვერ უწევენ.
რა ვითარებაშია საქართველოში თხილის წარმოება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას თურქულ პროდუქტს და რა პერსპექტივა აქვს ევროკავშირის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან ქარდავას ესაუბრა.
ET: ფერმერები აცხადებენ, რომ 2022 წელს საქართველოში თხილის ფასი დაბალია. რა არის ამის მიზეზი?
თხილის ფასს ხარისხი განაპირობებს. თხილის ხარისხზე საუბრისას, საკითხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ: როგორია გაუტეხავი თხილის ხარისხი? ექსპორტისთვის კი მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხისაა გატეხილი თხილის გული. საქართველოში გაუტეხავი თხილის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ორი წლის განმავლობაში ზაფხულში მოსულმა ჭარბმა ნალექმა თხილის ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, გააქტიურდა ფაროსანა და წვიმების გამო წამლობა არაეფექტური იყო.
ET: ევროპაში წინა წლებში ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდი იყო. ახლა რა ვითარებაა არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური ეკონომიკა ეცემა და ლოგისტიკური ჯაჭვის მოშლის გამო, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მცირდება?
საქართველოში გასულ წელთან შედარებით, გაუტეხავ თხილზე ფასი საკმაოდ დაბალია და 3 ლარიდან 4,5 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, ხარისხი ნორმალურია და ევროპის ბაზარზე გადის. ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით, ევროპაში 1 კილოგრამი გარჩეული ქართული თხილის ფასი $5 უახლოვდება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა შემცირებულია იმ კრიზისიდან გამომდინარე რაც ევროპასა და მსოფლიოშია.
ET: რამდენად სტაბილურია ქართული თხილის მიწოდება ევროკავშირის ბაზარზე მაშინ, როცა ბოლო წლებში ალფატოქსინის (მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც თხილში ცუდად გამოშრობის გამო ჩნდება) პრობლემა გაჩნდა და პროდუქციის რამდენიმე პარტია უკან დააბრუნეს?
ალფატოქსინის პრობლემამ გასულ წელს იჩინა თავი, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველია კრეფის მომენტში წვიმები, რამაც პირველ რიგში გამოიწვია ეს დაავადება, ხოლო შემდეგია შრობის პრობლემა. როგორც წესი საქართველოში თხილი მინდორზე, მზეზე შრება, წვიმების გამო ეს ვერ მოხერხდა, თხილი ვერ გამოშრა და ალფატოქსინზე პრობლემა შეგვექმნა. თუმცა 2022 წელს კრეფის სეზონი მშრალი იყო და ამ მიმართულებით პრობლემებს არ ველოდებით.
ET: რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს აზიის ბაზრებზე? სტატისტიკა აჩვენებს რომ 2021 წელს ჩინეთში 20 ტონა გავიდა. ექსპორტი განხორციელდა იაპონიაშიც.
ჩინეთში თხილი ძირითადად გაუტეხავი სახით გადის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული წინსვლა არ გვაქვს და არცაა მოსალოდნელი. ეს ბაზარი თანდათანობით იზრდება და აქ ნახტომისებურ ზრდას არ ველოდებით. ზოგადად მსოფლიოში თხილის მომხმარებელი ძირითადად ევროპაა, ამიტომ მაინც ევროკავშირის ქვეყნები იქნება ქართული თხილის ექსპორტისთვის ძირითადი მიმართულება. თუ ჩინეთის მიმართულებით გაყიდვები გაიზრდება, ეს დაემატება ევროპის მიმართულებას, რადგან ევროპის მიმართულება ვერ ჩანაცვლება სხვა ბაზრებით.
ET: რა ვითარებაა თურქეთში?
თურქეთში თხილის მოსავალი წელსაც მაღალია - დაახლოებით 800 ათასი ტონა. ჩვენთან 40 ათასი ტონის ფარგლებშია. თურქეთთან კონკურენცია ძალიან რთულია რაოდენობიდან გამომდინარე. ამას ემატება ქართული თხილის ხარისხის პრობლემა. თურქული თხილი ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე ქართული. ამიტომ ჩვენ გვიწევს მყიდველისთვის ქართული თხილის უფორ დაბალ ფასში შეთავაზება. თუ გვექნება თურქული ხარისხის თხილი, ჩვენც იგივე ფასში შევძლებდით რეალიზაციას, როგორც მაგალითად, თურქეთი ახერხებს ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, კახეთის რეგიონში, სადაც პრაქტიკულად თურქული ხარისხის თხილი მოდის, მარალ ფასში იყიდება. პროდუქტს „აგრიჯორჯია“ (ფერეროს ქართული წარმომადგენლობა) ყიდულობს. შესაბამისად, თუ თხილის ხარისხი გაუმჯობესდება დასავლეთ საქართველოში, პროდუქტზე ფასიც ეტაპობრივად გაიზრდება.
ET: რატომ ვერ ვაუმჯობესებთ ხარისხს? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა და შემაფერხებელი პირობა?
- ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი და ყველაზე დიდი პრობლემაა მიწების დანაწევრება. ფერმერების მფლობელობაში 0,4-0,5 ჰექტარია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში და ამის გამო თხილის მოვლის ინტერესი ნაკლებია.
თუმცა დასავლეთ საქართველოში არიან მსხვილი ფერმერები, რომლებსაც მაღალი ხარისხის თხილი აქვთ. იგივე აბაშის რაიონში, წალენჯიხის რაიონში (დაბალი ზონა) განმუხურის, კახათის მიმართულებით, აქ ფერმერები რამდენიმე ჰექტარს ფლობენ და შესაბამისად კარგად მოვლილი ბაღები აქვთ. თუ შევაჯამებთ, საქართველოში თხილის კულტურა ფაქტობრივად მოუვლელია ან ცუდადაა მოვლილი. მივდივართ ფაქტობრივად იქამდე, რომ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თხილს მოუაროს და ვერ ხედავს ამ კულტურიდან შემოსავლის მიღების პერსპექტივას. მაგალითად წელს ელოდებოდნენ დაბალ ფასს და გადაწყვიტეს, რომ ამის გამო თხილის მოვლა აღარ ღირდა. ამიტომაც მოსავალიც და ხარისხიც დაბალია.
ვითარება ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე:
სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში თხილის წარმოებაში დაახლოებით 40 000 ფერმერია ჩართული. ერთ ჰექტარზე თხილის მოვლის საფასური (კრეფის ჩათვლით) 500 ლარიდან $900 -მდე მერყეობს.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში თხილის წარმოებამ 24 ათასი ტონა შეადგინა, 2020 წელს - 32,7 ათასი ტონა, ხოლო 2021 წელს 46 ათასი ტონა. არის მოლოდინი, რომ 2022 წელს წარმოების მოცულობა დაახლოებით, 40 ათასი ტონა იქნება.
თხილის წარმოება საქართველოში რეგიონებს შორის ასე ნაწილდება: (2021 წელი საქსტატის მონაცემები)
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23,1 ათასი ტონა;
- გურია - 8,5 ათასი ტონა;
- აჭარა - 5,1 ათასი ტონა;
- იმერეთი - 4,5 ათასი ტონა;
- კახეთი - 4,2 ათასი ტონა;
- მცხეთა-მთიანეთი - 4,2 ათასი ტონა;
- დანარჩენი - 0,1 ათასი ტონა.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, თურქეთს თხილის ექსპორტში ბაზრის 70%-ს უკავია, მეორეა იტალია. ექსპორტიორთა ხუთეულშია საქართველო, აზერბაიჯანი და ჩილე.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან გარჩეული თხილი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის. საქართველოდან 2021 წელს ყველაზე მეტი თხილი (გარჩეული) გერმანიაში (4 512,47 ტონა) გავიდა, მეორეა იტალია (2 804 ,22 ტონა), შემდეგ სომხრთი (1427 ტონა) ესპანეთი (713 ტონა), ბელორუსი (593 ტონა), ლიეტუვა (586 ტონა) მოდის. შვიდეულს კრავს უკრაინა, სადაც საქართველოდან 2021 წელს 529 ტონა თხილი ექსპორტირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტიორებმა თხილი 30-ზე მეტ ქვეყანაში გაიტანეს.