ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცახადა, რომ აფხაზეთში ვიზიტი, ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა. 

„მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, აქ ხალხი კი წმინდანები არიან.

ეს საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ჩამოვდიოდი. ამიტომ, ჩვენ გვინდა არამხოლოდ მეგობრობის ხიდის აგება, არამედ გვსურს, ძალიან სერიოზული ურთიერთობები დავამყაროთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი კოორდინირებულად მოქმედებენ. 

„რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ალბათ დადგა დრო. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა სამყარო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.