„ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს უპასუხებს,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, წელს საქართველოს ეკონომიკას მაღალი ზრდის ტემპი გააჩნია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზეზია.
„კანონპროექტით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრულია 8.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, უმჯობესდება ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის მაჩვენებლები მშპ-სთან მიმართებაში. ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-იდან 3.2%-მდე, ხოლო საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 51.1%-დან 39.6%-მდე მცირდება,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, 480 მილიონით იზრდება, რაც როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პროგრამების ასიგნებების ზრდას მოხმარდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა და წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მთავრობას. რეგლამენტის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით, კვირის ბოლოს დაბრუნდება პარლამენტში, ხოლო მომავალ კვირას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს სესიაზე განიხილავენ.