NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია

ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში Nordstream 1 და Nordstream 2 მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ამჟამად არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული, დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო დივერსიული აქტების შედეგი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს გაჟონვები საზღვაო გადაზიდვებს რისკებს უქმნის და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს ზიანის წარმოშობის დასადგენად.

ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ვალდებულნი ვართ, მზად ვიყოთ, შევაკავოთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ ენერგო რესურსების ძალისმიერი გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ტაქტიკები. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დღეს დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.