თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დონეცკში, რუსეთის მხარეს მებრძოლი „პიატნაშკას“ ბატალიონის მეთაური, ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა. სააგენტო „აიაშარასთან“ კომენტარში მან თქვა, რომ „ვიზიტი“ აფხაზეთში გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს - 30 სექტემბერს ემთხვევა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ აფხაზეთში „პიატნაშკას“ სხვა მებრძოლებიც ჩავიდნენ.
მანამდე ავიძბამ განაცხადა, რომ ის არ იყო გათავისუფლებული რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით, მან შეძლო მოსკოვში გამგზავრება, სადაც შეხვდა პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ლიდერს, სერგეი მირონოვს და გამოვიდა მიტინგ-კონცერტზე - „ჩვენ არ ვტოვებთ საკუთარს“.
19 სექტემბერს ვიდეომიმართვაში ავიძბამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას „დროებითი პრეზიდენტი“ უწოდა.
ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.