თეთრი სახლის პრესსამსახურმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა, მოსკოვის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის საკითხი შეაფასა.
„აშშ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის თაღლითურ მცდელობას გმობს. რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს, არღვევს გაეროს წესდებას და ავლენს ზიზღს მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხის მიმართ", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში
„არ დაუშვათ შეცდომა, ეს ქმედებები არალეგიტიმურია“, - თქვა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
„ანექსიის შესახებ რუსეთის ცრუ განცხადებების საპასუხოდ, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან მიმართონ ახალ სანქციებს, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის უზრუნველყოფას იმ საშუალებებით, რაც თავის დასაცავად სჭირდება. მოუთმენლად ველი კონგრესის ხელმოწერას კანონმდებლობაზე, რომელიც დამატებით $12 მილიარდს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარი თქვან რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო ანექსიის მცდელობებზე და მხარი დაუჭირონ უკრაინის ხალხს რამდენიც დასჭირდება“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.