იენს სტოლტენბერგი: NATO-ს წევრი ქვეყნები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

„ეს მიწები არის უკრაინა. დონეცკი არის უკრაინა, ლუგანსკი არის უკრაინა, ხერსონი არის უკრაინა, ზაპოროჟიე არის უკრაინა. ისევე როგორც ყირიმი არის უკრაინა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიფინგზე საუბრისას.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე მეორედ იტაცებს უკრაინის ტერიტორიებს, თუმცა NATO არ არის ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე.

„უკრაინას უფლება აქვს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

„NATO-ს ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის უფლებას საკუთარი გზით წავიდეს, ახლა ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება უკრაინის სასწრაფო დახმარებაზე. მაგრამ NATO-ში მიღების საკითხი ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.