თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი „სხვა დროს“ უნდა გადაწყდეს და ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად მისი მხარდაჭერა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აშშ ათწლეულების მანძილზე ცხადად აცხადებდა, რომ მხარს უჭერს NAT0-ს ღია კარის პოლიტიკას. NATO-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის 30 წევრის თანხმობის შედეგად მიიღება. ახლა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გზაა უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა „მიწაზე“. ხოლო ბრიუსელში მიმდინარე პროცესი სხვა დროს უნდა განიხილებოდეს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.