ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ გაზის მიწოდების ერთობლივი გეგმა წარმოადგინა

ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემის ეროვნული ოპერატორები, გაზსადენების ინტეგრირებული ქსელით ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით გამოვიდნენ.

Report-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუმინულმა კომპანია Transgaz-მა გამოაქვეყნა.

„Bulgartransgaz, Transgaz, FGSZ და Eustream გეგმავენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გასაფართოებლად მათი არსებული ქსელებით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით თურქეთიდან და საბერძნეთიდან აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში წელიწადში ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის სწრაფად მიწოდებას.