ოპოზიცია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის უკრაინულ მოდელს საქართველოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით უკრაინული ვერსიის კოპირება სწორი არ არის და ქართული ვერსია უნდა დაიწეროს, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, შემოთავაზებული ცვლილება საკანონმდებლო თვალთმაქცობა იქნება.

ის მოუწოდებს უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი.

„უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვადგენთ, ვიმედოვნებ, შეჯერება მოხდება“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

„უკრაინის მოდელი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ და არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი ოლიგარქიული გავლენის ქვეშ არ არიან, ბუნებრივია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მათი ვერსია მოწონებული იქნებოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება იმ ვითარებას, რაც საქართველოშია.

ოლიგარქი ჩვენ გვყავს, ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და რომლის დამფუძნებელია ოლიგარქი. სახეზე არის ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც ეს ასახულია“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით და მასში წარმოდგენილი კრიტერიუმებით დეოლიგარქიზაციის პროცესის ხელშეწყობაც კი ვერ მოხდება.

„მნიშვნელოვანია, რომ კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მორგებული იყოს ქართულ სპეციფიკასთან და მასში ის კრიტერიუმები აისახოს, რაც დეოლიგარქიზაციას რეალურად შეუწყობს ხელს.

მაგალითად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნაწილში განმსაზღვრელი უნდა იყოს პირთან პირდაპირ დაკავშირებული პირების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსული კომპონენტი", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.