მედია: რუსეთის უმდიდრესმა მოქალაქეებმა, წლის დასაწყისიდან თითქმის $100 მილიარდი დაკარგეს

რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება 2022 წლის დასაწყისიდან, $94 მილიარდით შემცირდა. მონაცემებს სააგენტო TASS ავრცელებს, რომელმაც Bloomberg Billionaires Index-ში მომხდარი ცვლილებები შეისწავლა.

ერთი თვის წინ ეს ზარალი მხოლოდ $54 მილიარდად იყო შეფასებული.

ყველაზე მეტი კაპიტალი ალექსეი მორდაშოვმა დაკარგა ($9,8 მილიარდი; ახლა მისი ქონება $19,1 მილიარდად არის შეფასებული), გენადი ტიმჩენკომ მინუს $9,7 მილიარდი; (ახლა - $12,8 მილიარდს ფლობს) და ვლადიმერ ლისინმა (მინუს 9,1 მილიარდი; ახლა - 18,9 მილიარდი). პროცენტული თვალსაზრისით, ზარალის მხრივ ლიდერი ვიქტორ ვეკსელბერგი აღმოჩნდა - მისი ქონება 60%-ზე მეტით $11,2 მილიარდამდე შემცირდა.

რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, თავისი ქონების თითქმის ნახევარი დაკარგა. მისი კაპიტალი $8,3 მილიარდით შემცირდა და ახლა $9,7 მილიარდად არის შეფასებული.

ამ დროისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში რუსეთის 27 მოქალაქეა. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრი მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც დასავლეთის შეფასებით კრემლთან კავშირშია, სანქცირებულია. მათი აქტივები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში გაიყინა.