მეოთხე დღეა გრძელდება ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ მიიტანეს საარტილერიო იერიში ქალაქ ტერტერზე. სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაჭრილია 7 ადამიანი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 27 სექტემბრიდან განადგურებული და დაჭრილია სომხეთის შეიარაღებული ძალების 2300-მდე სამხედრო, განადგურებული, ან დაზიანებულია დაახლოებით 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-ზე მეტი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 6 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 5 საწყობი.
აზერბაიჯანი არაფერს იუწყება თავის სამხედრო ძალებში არსებული დანაკარგების შესახებ და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ 27 სექტემბრის შემდეგ 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღში, ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს ორმხრივი საარტილერიო იერიში. სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, სტეპანაკერტის თავზე ჩამოგდებულია აზერბაიჯანის არმიის კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო მუდმივად ავრცელებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სომხური მხარის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეზე წარმატებულ შეტევებს ასახავს.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდ